საავიაციო უნივერსიტეტის 30 სტუდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟირებას გაივლის
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 30 სტუდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟირებას გაივლის.
1,5-თვიან სტაჟირებას სტუდენტები გადაზიდვებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში გაივლიან, სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმდებიან.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და სტუდენტებს მუდმივად სთავაზობს სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
TAV Georgia საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად უნივერსიტეტის ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს.